რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო გასულ წელს ევროპაში 60 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Nature Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
2022 წელს რეკორდულად ცხელი ზაფხული იყო, რამაც ევროპის კონტინენტზე გვალა და ხანძარი გამოიწვია. ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტო დაღუპულების შესახებ აქამდეც იტყობინებოდა, თუმცა, ეს ციფრები დაზუსტებული არ იყო.
ბარსელონას ჯანდაცვის ინსტიტუტისა და საფრანგეთის ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრებმა 2022 წლის მონაცემები გააანალიზეს და შეაჯამეს. კვლევაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულმა სიცხეებმა მარტო ივლისში 11 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
„ეს სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია”, თქვა ჰიჩამ აჩებაკმა, კვლევის ავტორმა.
გასულ წელს საფრანგეთში ტემპერატურის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ტემპერატურამ საშუალოდ 2,43 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
კვლევაში ნათქვამია, რომ დაღუპულთა უმეტესობა 80 წელს გადაცილებული იყო.
კვლევის მიხედვით, თუ არაფერი შეიცვალა სიცხეების გამო მხოლოდ ევროპაში ყოველ ზაფხულს 68 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპება. 2040-ისთვის ეს სტატისტიკა 94 000-მდე გაიზრდება, ხოლო 2050-ში სიკვდილიანობა 120 000-ს გაცდება.
მკვლევრების თქმით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომებია მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ უარესს უნდა ველოდოთ.










