შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეების მხრიდან შესულ შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, სამინისტრო განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შევიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
„მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.
ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.