გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო, 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 148 დოლარით დაეცა და 4 328 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 3.3%-ით არის შემცირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი ოქრო 4.7%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 35%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მსგავსი ტენდენციაა ვერცხლის ბაზარზეც. ბოლო ვაჭრობის შედეგად ვერცხლის ფასი 5.9 დოლარით (-8%) შემცირდა და 1 უნცია 67.84 დოლარი გახდა.
მიუხედავად დღიური კლებისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლი 7.4%-ით გაძვირდა, ხოლო წლიურად 105%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, აქაც შემცირდა როგორც ოქროს, ისე ვერცხლის ფასი. კერძოდ, ოქრო ერთ დღეში 8 ლარით გაიაფდა, ვერცხლი კი 0.1 ლარით.
დღეს 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 388 ლარის ფარგლებში ღირს, მაშინ როცა გუშინ მისი ფასი დაახლოებით 396 ლარი იყო.
საქართველოში ვერცხლის ფასი დღეს 6.2 ლარს შეადგენს, გუშინ კი 6.3 ლარი იყო.









