1985 წლის 19 მარტს გია ფერაძის ოჯახში გაუგონარი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც მთელი საქართველო შესძრა. მსახიობი გია ფერაძე და მისი მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი ირინა მიქატაძე ტრაგედიის წინა დღეს გუდაურიდან თბილისში დაბრუნებულან. გაურკვეველია დაზუსტებით რა მოხდა იმ დაწყევლილ ღამეს, გია შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე დაბრუნებულა, მეუღლე ამის გამო განაწყენებია, უსაყვედურებია და უთანხმოება მოსვლიათ, შემდეგ მოხდა ის, რომ გიას მინიატურული, კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ, რომელიც მინასაც ვერ გასტეხს, ახლო მანძილიდან 26 წლის ირინა მიქატაძის გულში გაიარა, აორტაში მოხვდა და მოკლა, ხელში ცოლჩამკვდარმა იარაღი ღუმელში დამალა, ცოლის ცხედარი ლოგინზე დააწვინა, თითქოს ეძინა და სახლიდან უჩუმრად გაიქცა, დილით დაბრუნდა და პოლიციას ჩაბარდა.
შემდეგ ზოგი ამბობდა ცოლი განზრახ მოკლაო, ზოგი ამბობდა ცოლზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული, ალბათ გაუფრთხილებლობით მოუვიდაო, შემოაკვდაო.
ამ ტრაგედიის დროს გიასა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკა 11 თვის იყო.ბაბუამ ჯუნა მიქატაძემ და მისმა ბებიამ მარიკა საყვარელიძემ ის შვილივით გაზარდეს. მარიკუნამ 6 წლისას გაიგო ეს ფაქტი, როგორც თვითონ აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში.
გია 37 წლის იყო, როცა დააპატიმრეს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაატარა, 5 წელი კი ციმბირში და იაკუტსკში, სიმამრი მკაცრად აკონტროლებდა, რომ მას ბოლომდე მოეხადა სასჯელი. იაკუტსკში ყოფნისას თავისი 4 წლის ვაჟთან ერთად მიუკითხავს ირინა კუზუბოვა-ფერაძეს, რომელთანაც ხელი მოუწერია, რომ ციხეზე შეეშვათ.
პატიმრობისას გიამ 30-მდე რვეული გაავსო ლექსებით. ციხიდან 1993 წელს, 45 წლის ასაკში გამოვიდა ტუბერკულოზით დაავადებული. გათავისუფლების შემდეგ, გალოთებული, 2 წელში, 1995 წლის 20 დეკემბერს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა გია ფერაძე. მაშინ მარიკუნა 13 წლის იყო, რომელსაც ცოცხალი მამა ნანახი არ ჰყოლია, ბებია და ბაბუა ცდილობდნენ არ შეეხვედრებინათ, თუმცა მამის დაკრძალვაზე რატომღაც გაუშვიათ.
“თუმცა, ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ ბათინკებში, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო. მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით.” – იხსენებდა გია ფერაძის შვილი მარიკუნა მიქატაძე, რომელიც დღეს 39 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.










