“დამპირდი, რომ დიდხანს არ გაჩერდები ამ სამსახურში… ძაან ბევრი უნდა იმუშაო, რომ ამის შესახებ არავინ და ვერავინ გაიგოს”, – ასე მიმართავს 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე საკუთარ თავს ვიდეოში, რომელიც “მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.
ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს არწმუნებს, რომ უნდა განვითარდეს, იყიდოს ყველაფერი, რაც უნდა, დააგროვოს ფული, იმოგზაუროს და ამ ყველაფრის შემდეგ, სამსახურიდან წავიდეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა
ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.