19 ივნისს, იტალიაში, სამი შვილის დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დაღუპული ემიგრანტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ემიგრანტის დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახს იმავე დღეს აცნობეს. ახლობლების თქმით, გარდაცვლილი იტალიაში სამუშაოდ ორი თვის უკან ჩავიდა.
არცერთი ოფიციალური წყარო დეტალებზე არ საუბრობს. საზოგადოების დიდი ნაწილი კი გარდაცვალების სხვადასხვა ვერსიას ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში მყოფი ელზა ძინძიბაძე სამართალდამცველებმა ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებულ ვერსიას, ემიგრანტების მხრიდან ბერი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ხალხმა დამოუკიდებელი გამოძიება წამოიწყო. მეორე ვერსიის თანახმად, გარდაცვლილი ბინაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დღემდე არ ცხრება ინტერესი თუ რამ აიძულა 37 წლის ქალი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
Exclusivetv.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ საქმე ნამდვილად თვითმკვლელობასთან გვაქვს.
ემიგრანტის გარდაცვალების შემდეგ exclusivetv-ს რამდენიმე ემიგრანტი დაუკავშირდა და მათ ხელთ არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მასალის მომზადება გვთხოვა, რომელიც ემიგრაციაში არსებულ სირთულეებს უკავშირდება.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი მ.მ.-ს თხოვნით იმ ფაქტებზე ვსაუბრობთ, რომელიც ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის უცხო არ გახლავთ. მიუხედავად, იმისა, რომ პირებს, რომლებიც საკუთარი პრობლემების (უმრავლეს შემთხვევაში ეკონომიკური სიდუხჭირე) დასაძლევად ემიგრაციას ირჩევენ, ხშირად არ აქვთ გაცნობიერებული ის რისკები, რომლებსაც უცხო გარემოში აწყდებიან. მიზეზებად, რომელთა გამოც, ისინი სამშობლოს ტოვებენ, მათივე შეფასებით – გაუსაძლისია. თუმცა, გაუსაძლის ბარიერად უცხო ქვეყანაში ადაპტირების პროცესი ევლინებათ, რომელიც სტრესულია და ხშირად ფსიქიკურ პრობლემებამდე მიჰყავს ემიგრანტი.
რესპონდენტის ნაამბობი:
„ჩვენს ქალაქში (იტალია) ერთი ქალბატონი იყო, ვერ შეძლო აქაურ შრომას და პირობებს შეჰგუებოდა. დახმარებას გვთხოვდა, – გავგიჟდები და თავს მოვიკლავ, გთხოვთ, დამეხმარეთო. ამოვუდექით ყველა მხარში და დავაბრუნეთ საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომწერა: „თვითმრინავი, ჩემნაირებით და ჩემზე უფრო მძიმე სულიერი პრობლემების მქონე ქალებით იყო სავსე, ზოგი კი პირდაპირ ფსიქიატრიული კლინიკიდან მიჰყავდა ოჯახის წევრებსო. შენი წერილები მიყვარს და ძალიან მომწონს, იქნებ ერთი წერილი დაწერო და აუხსნა უფრო მეტად ახალგაზრდებს, რომ აქ წამოსვლამდე, აქაური ყოფისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადონ.“ – გვწერს მ.მ.
37 წლის ემიგრანტის გარდაცვალების შემდეგ, exclusivetv.ge-ს ერთ-ერთი ემიგრანტი ქალი დაუკავშირდა, რომელმაც ჟურნალისტს ფსიქოლოგის რჩევა სთხოვა, რადგან მისი თქმით, 24-საათიანი მძიმე სამუშაო გრაფიკისა და სტრესის გამო, თავს ფსიქიკური აშლილობის ზღვართან გრძნობს.










