შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყება თბილისის საკრებულოში აღმოჩენილი აპარატურის შესახებ განმარტებას აკეთებს.
“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.
ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.
აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც, შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის, როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით”, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ, აქტივისტებმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დედაქალაქის საკრებულოს შენობაში, აპარატურა აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით, აღნიშნული აპარატურა, ხმასა და ინტერნეტს ახშობდა.
14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.