საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.
გამოკვლევის თანახმად, გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში 0-17 წლის ასაკის ბავშვების 10.0 პროცენტი ატარებდა დროს ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის (ტელევიზორი, კომპიუტერი, სმარტფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობები) ეკრანთან 4 საათის და მეტი დროის განმავლობაში. ამასთან, 3-დან 4 საათამდე – 11.0 პროცენტი, 2-დან 3 საათამდე – 20.7 პროცენტი, 1-დან 2 საათამდე – 31.0 პროცენტი, 1 საათზე ნაკლებ დროს – 19.7 პროცენტი, ხოლო 5.6 პროცენტს საერთოდ არ გაუტარებია დრო ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან.
სქესის მიხედვით, როგორც ბიჭების, ასევე გოგოების უმეტესი ნაწილი ელექტრონული მოწყობილობების ეკრანთან 1-დან 2 საათამდე დროს ატარებს (შესაბამისად 31.8% და 30.3%). ელექტრონულ მოწყობილობების ეკრანთან გატარებული დრო, ბავშვების ასაკის მიხედვით, განსხვავებულია. 0-4 წლის ასაკის ბავშვების უმეტესობა 1 საათზე ნაკლებ დროს ატარებს ეკრანთან (40.3%), 5-9 და 10-13 წლის ასაკის ბავშვების უმრავლესობა – 1-დან 2 საათამდე (შესაბამისად 35.9% და 34.5%), ხოლო 14-17 წლის ასაკის ბავშვების უმეტესობა – 4 საათს და მეტ დროს (27.2%).
აღსანიშნავია, რომ მოცემული საათები არ მოიცავს საშინაო დავალების შესრულებაზე დახარჯულ დროს.









