“მე ვფიქრობ, რომ სუს-მა მიიყვანა ზეგ-შიც” – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საუბრისას.
ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე გაუხამურებელ ფაქტებზე რეპორტაჟი “პოსტ ფაქტუმმა” მოამზადა. ჟურნალისტმა დავით აბრამიშვილმა იმ მონაცემთა ბაზას მიაკვლია, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.
გასაჯაროვდა ახალი ვიდეოჩანაწერებიც , რომელიც აქამდე საგამოძიებო უწყებას არ გაუხმაურებია, თუმცა საქმის მასალებში დევს.
ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება ოჯახის ვარაუდი, რომ მისი შვილის გარდაცვალების გამოძიება ძალოვანი უწყებების ჩარევით ჩაფარცხეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები კი საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვენ. მათი თქმით, “მთავარი არხის” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გასული სიუჟეტის შემდეგ ისეთი გარემოებები გამოიკვეთა, რითიც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
რაც შეეხება კომპანია ზეგ-ს – მისი უფროსი ნიკა გეჯაძე, ადვოკატის მტკიცებით დღემდე მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდის, დახურა კომპანიაც და ამ თემებზე საუბარი აღარ სურს.