[მიხეილ სააკაშვილს] სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის – მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს – ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში, ამ ნიშნით და რაკურსით აკეთებს სააკაშვილი ამ ორ ქალბატონს შორის არჩევანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც იმპულსურად თმის ვარცხნილობის შეცვლა მოულოდნელი არ არის.”
„სააკაშვილის მხრიდან იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც იმპულსურად თმის ვარცხნილობის შეცვლა და ბევრი სხვა, არ არის მოულოდნელი და ყველამ იცის, ვინც მას იცნობს. იგი თავს ყოველთვის აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მის მიმართ გამოხატული პოზიცია, რომ ის არის შუქურა, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი და ა.შ., ეს მას რეალობაში აქვს გააზრებული საკუთარ თავთან მიმართებაში. ასეთი წარმოდგენა აქვს და სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის, მათ შორის, ექსტრემისტული პროცესების განვითარების დროს. მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ ნაკლები ძალა გაიღო ამისთვის და ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი გააჩნია. ახლა, ვინ აჯობებს ამ დესტრუქციის და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში, ამ ნიშნით და რაკურსით აფასებს სააკაშვილი ამ ორ ქალბატონს შორის არჩევანს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.
სააკაშვილის თქმით, „პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს”. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის “ფეისბუქ” პოსტი “მოულოდნელი იყო”. ბოკუჩავას თქმით, მისთვის “უკიდურესად სამწუხაროა” და მიაჩნია, რომ “სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ”.










