ახალგაზრდა ქალი ინდოეთის ბიხარის პროვინციაში ცოცხლად დაწვეს. დაღუპული 20 წლის გულნაზ ხათუნის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონა მუსლიმი იყო და ინდუისტ მამაკაცზე გათხოვებაზე უარს ამბობდა. ინფორმაციას aljazeera.com ავრცელებს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ქალს ქუჩაში 3 მამაკაცი დახვდა, მას ნავთი გადაასხეს და ცეცხლი მოუკიდეს. გულნაზმა სხეულის 75%-ის დამწვრობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამჟამად პოლიცია მათი ძებნის ოპერაციას ახორციელებს.
ცნობისთვის, ინდოეთის მოსახლეობის 80% ინდუიზმის მიმდევარია, ხოლო 13% – ისლამის. ინდოეთის ამ ორი ძირითადი რელიგიის წარმომადგენლებს შორის ხშირად ხდება დაპირისპირება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.