აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის [ პაპუნა ლოცულაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პაპუნა ლოცულაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
მინისტრის თქმით, თუ გამოიკვეთება რაიმე ტიპის მკურნალობის საჭიროება, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული.
“აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზეა, ობიექტური მიზეზი არ არსებობს საგანგაშო დასკვნების გამოტანისთვის, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. რაკი თვითონ აქვს სურვილი და განწყობა გადიოდეს მკურნალობის დაკვირვებას, გამოკვლევას, ბუნებრივია, დაკმაყოფილებული იქნება როგორც მოითხოვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში მოიხსნება ნებისმიერი საკითხი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. თუ გამოიკვეთება რაიმე მკურნალობის საჭიროება, ბუნებრივია, ყველა სერვისი იქნება მიწოდებული. ამ წუთას არაფერი ისეთი პირი არ უჩანს მკვეთრად გამოხატულ საჭიროებას, რომელიც მოითხოვება პაციენტის მიერ”, – აღნიშნა სარჯველაძემ.
ამასთან, კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლებმაც გორში, სამართალდამცავების მიერ მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა „სისტემურ დანაშაულთან გააიგივეს”, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ “ვის ვის და ნამდვილად არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება ისაუბროს ძალადობასა და სისტემურ დანაშაულზე”.
“უნდა გამოვთიშოთ მსჯელობიდან “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ამ თემაზე სპეკულაციური განცხადებები.
ვის ვის და ნამდვილად არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე და ასე შემდეგ. არავითარი მორალური უფლება არ გააჩნიათ. ეს საზოგადოებამ, მათმა მომხრეებმაც გადასარევად იციან. რაც შეეხება ამ ფაქტს, გაკეთდა არაერთი შეფასება. ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ეს მოითხოვდა სამართლებრივ რეაგირებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მყისიერად მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება, ვფიქრობ, ყველაფერი ჩადგა იმ კალაპოტში, რასაც ნამდვილი სამართლებრივი სახელმწიფო მოითხოვს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.









