ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადი, თუმცა ფეთქებადსაშიშია.
ინფექციონისტი ამბობს, რომ ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ქცევას.
“სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეში ახალი, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 24 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 516 ინფიცირებული.









