თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით, პროკურატურას საქმეში არსებულ საკვანძო საკითხებზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართეს და გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს.
,,განცხადება შევიტანეთ იმ კითხვებზე, რაც არის დაგროვილი, თამარის მიერ შეძენილი მედიკამენტები და ავტომობილში აღმოჩენილი მედიკამენტები არ ემთხვევა ერთმანეთს, არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, საქმეს ვერ იძიებენ და უნდა ჩართონ უცხოელი ექსპერტები. ისევ და ისევ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას. ასევე, მოვითხოვეთ გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა, თუმცა როგორც ჩანს, აქამდე ვერ დატესტეს და წინა კვირაშიც იგივე გვიპასუხეს, რომ ჰქონდა კორონავირუსიან ქალბატონთან ურთიერთობა. არ გვსურს ვინმეს ქონდეს იმისი ილუზია, რომ ჩვენ ეს საქმე მიგვავიწყდა, მოვეშვით ან დავიღალეთ. ასე გავაგრძელებთ მოკვლევას, მუდმივად მოვალთ, შევაწუხებთ და განცხადებებს გავაკეთებთ“, – აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა ასევე გამოეხმაურა იმ ვიდეოებს, რომელშიც პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს. თეონა თამაზაშვილის შეფასებით, ეს ვიდეოები დამონტაჟებული იყო.
„იუთუბის ვიდეოები, რომელზეც პროკურატურა აპელირებს, მონტაჟი იყო, ექოც იყო დადებული და ათასი მახინაციები ჰქონდა გაკეთებული. ეს ვიდეოები ჩაწერილია თებერვალში. ეს ვიდეოები სამოტივაციო იყო, ფსიქოლოგმა უთხრა, როდესაც ცუდ ხასიათზე იყო მაშინ ჩაეწერა. როდესაც ის შანტაჟის მსხვერპლი იყო, პატარა გოგოსთვის ამ ყველაფრის გაძლება რთულია, ამიტომ ცდილობდა ასეთი ფორმით გამოეხატა. ეს იყო გარდაცვლილი ადამიანის პირადი ცხოვრების გასაჯაროება და ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მათი მხრიდან არაეთიკური იყო“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.