23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ოჯახი აცხადებს, რომ ერთი წლის თავზეც არ აქვთ კითხვებზე პასუხი.
თამარის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი „მთავარ არხთან“ იხსენებს ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავასა და თამარის გარდაცვალების შემდეგ საგამოძიებო უწყებების ქმედებები ერთმანეთს ჰგავს.
მისი თქმით, როგორც ახლა დადიან საგამოძიებო უწყებები აფთიაქებში, ასე იყო მისი შვილის შემთხვევაშიც. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, უწყებას არ სურდა საქმის გამოძიება, რადგან თავად დააშავეს და საკუთარ თავს ვერ დაიჭერდნენ.
„მაგათმა მომიკლეს შვილი, მაგათმა სპეციალურად ეს სცენარი რაც დადგეს, რომ თვითონ დადიოდნენ აფთიაქებში, ზუსტად თამარის ამბავზეც ეგრე იყო. ამ მანიაკების ხელში სადამდე უნდა იცხოვროს ადამიანმა, ამ არაკაცების ხელში როგორ უნდა გააკეთო რამე.
ერთი წელი გავიდა, არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ვინც მონები გამოიყენეს ამ საქმეში, სულ ყველა დააწინაურეს – ლილუაშვილი, შოთაძე, ღარიბაშვილი – მკვლელი. ამათმა პასუხი უნდა აგონ ამ საქმეში. არ გამოიძიეს იმიტომ, რომ თავის თავს ხომ არ დაიჭერდნენ“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა „მთავარ არხთან“.









