“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 5 მარტის #ბ44.442106463 ბრძანებით, დამტკიცებულია ქუთაისის მერიის შინაგანაწესი, რომლის 55-56-ე მუხლები არეგულირებს მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლის და გადაადგილების წესს. კერძოდ, აღნიშნული განაწესის შესაბამისად, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა, მოქალაქეთა, მათ შორის მედიის წარმომადგენელთა შემოსვლა დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული საშვის გაცემის შემდგომ.” – ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ქუთაისის მერიის ზემოთ აღნიშნული ბრძანება განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელში, ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე, რომლის გაცნობაც ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია. ქუთაისის მერია არ უზღუდავს არავის ადმინისტრაციულ შენობაში შემოსვლის უფლებას, თუმცა, უსაფრთხოებისა და შენობაში განთავსებული მატერილური ფასეულობების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციულ შენობაში გარეშე პირთა გადაადგილება გარკვეულ კონტროლს უნდა იყოს დაქვემდებარებული. სწორედ ამ საკითხს არეგულირებს ქუთაისის მერიის 2021 წლის 5 მარტის Nბ 44.442106463 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესი.
მერიის შენობის მოქალაქეთა მისაღებში შემოსულ ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს საშვის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა სთხოვა ამოეწერა საშვი, რის შემდეგაც მიეცემოდა შენობაში გადაადგილების უფლება. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული საშვის ამოწერის აუცილებლობის თაობაზე, თუმცა მან ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. არ დაემორჩილა დაცვის პოლიციის მოწოდებას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და მერის სამუშაო ოთახში ძალით შეიჭრა.” – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
ცნობისთვის, დღეს მერიის შენობაში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დააკავეს, ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს რა დროსაც მან გონება დაკარგა.
ჟურნალისტი, რომელიც მერიის შენობაში შიმშილობდა, აცხადებდა რომ მას შენობაში შესვლის და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევენ.










