“პუტინის კოცნა” – ქუთაისში დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი უძღვებოდა.
“პუტინის კოცნა” დანიელი რეჟისორის, ლისე ბირკ ფედერსენის ფილმია, რომელიც რუსეთში ახალგაზრდა აქტივისტის ცხოვრებასა და მისი ცნობიერების ტრანსფორმაციაზე გვიყვება. მაშა დროკოვა კრემლთან დაკავშირებულ ეროვნულ-ახალგაზრდულ გაერთიანება “ნაშის” 16 წლის ასაკში შეუერთდა და მალევე დაიწყო კარიერული აღმასვლა, თუმცა მისი შეხედულებები ნელ-ნელა იცვლება მას შემდეგ, რაც ის კრიტიკული ჟურნალისტების წრეში აღმოჩნდება. ცნობილ ბლოგერ ოლეგ კაშინზე სასტიკი თავდასხმა ახალგაზრდა აქტივისტის შეხედულებების კარდინალურ ცვლილებას იწვევს. ფილმმა 2012 წლის სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო კინემატოგრაფიის ჯილდო მოიპოვა (დოკუმენტურ ჟანრში).
ფილმის ჩვენება-დისკუსია მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამართა. დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად შერჩეულმა ქუთაისელმა ახალგაზრდებმა მულტიმედია პლატფორმების გამოყენებით დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების თემებზე მედია პროდუქტის მომზადების ინსტრუმენტები შეისწავლეს. პროექტის მონაწილეები წერის სტრუქტურას, ამბის თხრობის ვიზუალურ ხერხებსა და პლატფორმებს, მობილური ჟურნალისტიკის საფუძვლებს გაეცნენ. მედია ლაბორატორიაში დაიგეგმა და მომზადდა ნაშრომები, რომელთა პრეზენტაციაც პროგრამის დასრულების შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდა.
ღონისძიება პროექტის “ვილაპარაკოთ დემოკრატიაზე: DemDoc ახალგაზრდებისთვის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი (MDF) The WHY Foundation-თან (TWF) პარტნიორობითა და The New Democracy Fund (NDF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ- ეკონომიკურ და მდგრადი განვითარების პროცესებში.










