შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ აქციის მონაწილთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს.
“გუშინ თბილისში გამართულ აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ცესკოს ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოარღვიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ საგნებს და სცადეს შეჭრილიყვნენ შენობაში. ქმედების შედეგად დაზიანდა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. პოლიციის გაფრთიხლების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების მოთხოვნას და ამის შემდეგ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების დაცვით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოვიყენეთ წყლის ჭავლი. აქციის დროს დაშავდა 14-მდე სამართალდამცველი, მედიის 3 წარმომადგენელი და 10-მდე აქციის მონაწილემ. დავაკავეთ 19 პირი და განვაგრძობთ სამართლებრივ რეაგირებას.”, – ამბობს კახა საბანაძე.










