აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სახლში დარჩენის ბრძანების დიდი ხნით გახანგრძლივება აშშ-ს აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს.
როგორც ენტონი ფაუჩიმ განმარტა, შეკრებების შეზღუდვა და სხვა პრევენციული ზომების მიღება აუცილებელი იყო ეპიდემიის პირველ ეტაპზე, თუმცა ახლა ქვეყნის ბევრ ნაწილში მათი მოხსნის დაწყება შესაძლებელია.
„არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ რომელიმე ჩვენგანი ფიქრობს, რომ სახლში დიდი ხნით დარჩენა გამოსავალია. იქედან გამომდინარე, თუ სად იმყოფებით და როგორია ვითარება, უნდა დავიწყოთ ეკონომიკის ხელახლა გახსნის შესაძლებლობის სერიოზული შესწავლა, რათა რაღაც დონით ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის გახსნა რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 643 246 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 97 720 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.










