რატომ არ აქვს დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა?
რატომ ცდილობენ ცალკეული მედია საშუალებები პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნას?
არ ვუწოდებ ამ კითხვებს რიტორიკულს, რადგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია დემოკრატიის მშობელია, დემოკრატია კი თავის თავში მოიცავს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და საყოველთაო კეთილდღეობას. სწორედ ამიტომ, ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არის გასაღები იმ ჯადოსნური ცხრაკლიტულისა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა გამოკეტეს ბნელი 90-იანების შემოქმედებმა.
მოლოდინი , რომ 21-ე საუკუნე საქართველოსათვის იქნებოდა გარღვევა დემოკრატიის გზაზე არ გამართლდა. ვერც მან ვერ გაამართლა, ვინც ხალხი წინამორბედთა ტირანიაში დაარწმუნა. თითქმის ყველა ხელისუფლების ხელწერა მედიასთან მიმართებაში ერთგვაროვანია და გარდაუვალი მარცხის მომასწავებელი. მარცხის, არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური სპექტრის, კლანის, ინტერესთა ჯგუფისათვის, არამედ ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის.
მედიის მარწუხებში მოქცევის, გაკონტროლების , ცენზურის დაწესების უარყოფითი ზემოქმედება უპირველესად, ადამიანთა თავისუფლების, განვითარების მისწრაფებათა სურვილზე აისახება. ზღუდავს მას და შედეგად ჩნდება მართული, უიდეო, დამონებული საზოგადოება, რომელიც ახალსა და ღირებულს ვერაფერს ქმნის. ინტელექტი გაედინება იქ, სადაც, თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობაა.
რატომ არ აქვს დამოუკიდებელ მედიას მხარდაჭერა? იმიტომ, რომ ხელისუფლებას სუფთა ველი სურს ძალაუფლებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმავალ გზაზე. იგი გადამხდელების გადასახადებიდან აფინანსებს მისთვის სასურველ მედიას, ქმნის პროპაგანდისტულ იარაღს და მასებზე საკუთარ გავლენებს აძლიერებს. შესაბამისად, მცირდება საზოგადოებრივი კონტროლი, იზრდება ცენზურა და თვითცენზურა.
მედიის მაკონტროლებელთა ფინანსური მდგრადობა და კეთილდღეობა, გაცილებით მეტია, ვიდრე უმეტესი მედია ორგანიზაციების ფინანსური სიძლიერე და როცა რეგულირებაზე მიდგება ჯერი, პინა ყოველთვის ფინანსური კეთილდღეობის წყაროსკენ ანუ ხელისუფლებისკენ გადაიხრება, რომელსაც ხალხმა სახელმწიფო ყულაბა ჩააბარა. ამიტომაცაა რეგულირება ხელისუფლების ხელში და ვერანაირი დათქმა დამოუკიდებლობის ხარისხს ვერ ზრდის.
დამოუკიდებელი მედია ბევრად საშიშია არასახემწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური პარტიებისათვის, რადგან იგი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, საზოგადოების, ხალხის მოკავშირეა. ამიტომაც, მათ მიმართ იმ საზოგადოების აგრესიას ვერ მიმართავ, როპმელმაც კარგად იცის, რომ იგი მისი ინტერესის დამცველია. პოლიტიკურ ძალის მიმართ კი განსხვავებული ხედვისა და დამიკიდებულების ადამიანს უარყოფითად ყოველთვის განაწყობ და ეს განწყობა ამ პოლიტიკური ნიშის მატარებელ მედიაზეც გადადის.
ჩემი შეცნობით, პოლიტიკოსთა ფართო სპექტრისათვის პოლიტიკური ნიშისა და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მყოფი მედია ორგანიზაციები უფრო მეტად მისაღებია, ვიდრე დამოუკიდებლები. ეს არის მიზეზი ცალკეულ პოლიტიკურ სპექტრთან მედია ორგანიზაციების გაიგივების მუდმივი მცდელობისა. ამ უთანასწორო ბრძოლაში მედიაშიც იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტიქტი (ან ყველა როდია პასუხისმგებლიანი მედია) და ისიც, ამა თუ იმ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მოიკალათებს.
შედეგად, ქვეყანაში გვაქვს პოლარიზებული მედია და პოლარიზებული საზოგადოება, სადაც მოგებული მუდმივად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტ ელიტა, თუ ცალკეული კლანისა და პოლიტიკური ჯგუფების წევრები არიან. ამ პოლიტიკურ ვაკხანალიაში გადარჩენილი დამოუკიდებელი მედია, უწყლოდ დარჩენილი თევზივით სულს ღაფავს და ჯიუტად ცდილობს პრინციპებსა და საზოგადოების ინტერესებს უერთგულოს. სტრატეგიული პარტნიორების გამოცდილება გაიზიაროს. დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ყოველი თეთრი მიზნობრივად დახარჯოს და იქედანაც კი, ბიუჯეტში გადაიხადოს. მთავრობა , ისევ სასურველ მედიაში გადაიხდის, რომლებიც ისევ არ გადაიხდიან გადასახადებს და რომლებსაც ისევ ფინანსური ამინისტიები შეეხებათ. დიდი და მცირე მედიისთვის კვლავ იქნება ერთნაირი რეგულაციები და ასე გრძელდება თითქმის 23 წელია.
მაგალითისთვის, სად მიდის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების სარეკლამო ფული? ცალკეული გამონაკლისის გარდა, ისევ პოლიტიკურ მედიაში, ნაცნობების, მეგობრების, ნათესავების გავლით. სარეკლამო ბაზარი, ბიზნესი და თითქმის ყველა კომერციული საქმე არის პოლიტიზებული ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.
რატომ არ ყოფნის საზოგადოებრივ მაუწყებელს ბიუჯეტიდან გადახდილი 50 მილიონი და კიდევ რატომ მიართვეს დესერტად რეკლამები? ბევრი რატომ და ასევე ბევრი იმიტომ, ლოგიკურობისგან დაცლილი არგუმენტებით, ან სულაც, უარგუმენტოდ.
არაფერს ვამბობ, თვითმმართველობებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიების დანამატი და დავალებების შემსრულებელია.
რა არის გამოსავალი?
მედიის სრული თავისუფლება!
რეგულაციებისა და გადასახადების დივერსიფიცირება.
გაათავისუფლეთ არაპოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკური კლიშეებისაგან და ქვეყანაში ელვის სისწრაფით დაიწყება განვითარება.
მოლდოვას ვუზიარებთ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე. იქნებ ჩვენ თვითონ გავიზიაროთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეინარჩუნეს დამოუკიდებელი რეგიონული მედია დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით.
ავტორი: ნანი თოშხუა