ყველას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი, სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე ყველამ უნდა თქვას უარი, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ის ყველას კონსტრუქციულობისკენ და არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდებს.
„არის გაცხადებული, რომ საარჩევნო სისტემა 2020-ისთვის არ შეიცვლება, ის დარჩება შერეული სისტემით, ამიტომ ყველამ კონსტრუქციულობისკენ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაღალ რანგში ავიყვანოთ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული და ასევე უნდა იყოს შენარჩუნებული სახელმწიფოში სამართლებრივი წესრიგი. თუ ეს ირევა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსიტიტუტებს ვალდებულება აქვთ, რომ ეს დაიცვან,“ – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება არის დაუშვებელი.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას, რასაც არ დაუშვებს მმართველი გუნდი. ყველამ უნდა აიღოს საკუთარ ქმედებებზე, საკუთარი პაუსხისმგებლობა კანონის წინაშე“, – განაცხადა ხუნდაძემ.