პროკურატურის მიერ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ყოფილი პოლიციელი, დავით ჭითანავაა. შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, სამი ქალის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო მოპოვებას ედავებიან.
“პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, დავით ჭითანავამ დანაშაული იმ დროს ჩაიდინა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო. რაც ფაქტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მან პოსტი დატოვა, რის შემდეგაც მალევე დააკავეს.
- პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს.
- გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად, დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
ამასთან, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰყავდა თუ არა პოლიციელს სხვისი პირადი ცხოვრების კადრების მოპოვებაში თანამზრახველი. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე უნდა გაირკვეს, ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში ერთ-ერთი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, სადაც ქალებს სავარაუდოდ ფარულად უღებდნენ.
ადვოკატის თქმით, ხობის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.









