მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა. იგი 27 ივნისს დაიწყო და დღეს საზეიმო ლიტურგიის შემდეგ გახსნილდა. ქრისტეს მოწაფეთა – მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია ყველა ტაძარში აღევლინა.
წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელზე მრავალი ტაძარია აგებული, რომელთა შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ადგილი თავისი ისტორიული მნიშვნელობით უკავია ქუთაისის წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარს, რომლის კურთხევიდან მიმდინარე 2023 წელს შესრულდა 120 წელი.
ხსენებული ტაძრის აგების იდეის განხორციელება დაიწყო 1881 წლის 10 მაისს, იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის (ქიქოძე) ლოცვა-კურთხევით. 1944 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ტაძარი გაიხსნა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით წმიდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი გამოცხადდა ქუთაისის საკათედრო ტაძრად.
ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტები დავითი (კაჭახიძე; +1935) და ნაომი (შავიანიძე; +1969). ასევე, ტაძარში დაკრძალულია გენერალი, თავადი ნიკოლოზ ჩიქოვანი.










