პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს.
მიღებული კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.
ცვლილებები კენჭისყრით 75 – მომხრე, 5 – წინააღმდეგი, მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
“დეკემბრის ბოლოს როგორც ყოველთვის, უკვე გვექნება ზუსტი სურათი იმის შესახებ, თუ როგორი ტარიფები ექნება მომხმარებლებს. მეთოდოლოგიაში უკვე მოაზრებული გვაქვს რამდენიმე სცენარი და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ”, – ამის შესახებ სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
” უბრალოდ ერთ ციფრს მოგიყვანთ საქართველოში დღეისთვის ერთ მომხმარებელზე საშუალო მოხმარება 192 კუბური მეტრია, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპაში გასაშუალოებული მაჩვენებელი 140 კუბურ მეტრს შეადგენს. ანუ ამას ე.წ უყაირათო მოხმარება ჰქვია. ასეთი ბევრი მომენტია, რისი გათვალისწინებაც ახლა მოგვიწევს. ამ ეტაპზე რამის თქმა ძალიან რთულია, რადგან მეთოდოლოგია ჯერ არ არის და ვერც იქნებოდა, სანამ კანონი არ მიიღებოდა. მეთოდოლოგიაში უკვე მოაზრებული გვაქვს რამდენიმე სცენარი და რომელსაც დავამტკიცებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საზოგადოებას გავაცნობთ”, – აცხადებს ფანგანი.










