23 მაისს თბილისში, კრწანისის რაიონში, ე.წ. ხარფუხის დასახლებაში მომხდარი მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთ-ერთ დამნაშავეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს. არსებული ინფორმაციით, მან ძმასთან ერთად, ახალგაზრდებს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემდეგ ორივე ადგილიდან მიიმალა.
ამ სისხლიან გარჩევას 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომლის გადარჩენაც მედიკოსებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი რაფაელ კარაევის ოჯახი აცხდებს, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია, რა გახდა ახალგაზრდის მკვლელობის მიზეზი. ისინი წარსულში არსებულ დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავენ.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ მოკლული რაფაელ კარაევი თანაკლასელებთან ერთად, ე.წ. ხარფუხის დასახელებაში მეგობრის სახლის ეზოში იმყოფებოდა. მათ მოულოდნელად ძმები შამოევები და კიდევ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხნენ. სანამ მეგობრები მიხვდებოდნენ, რა მოხდა, ძმებმა რაფაელს სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მაიყენეს. მის მისაშველებლად მისული მეგობრებიც არ დაინდეს და სამ მათგანსაც მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ჩხუბში მონაწილე სამი მამაკაცი საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა.
ძმებმა, თანმხლებ პირებთან ერთად გაქცევა და მიმალვა მოასწერს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ერევანში, საქართველოს პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, სომხეთის პოლიციამ დააკავა. შსს-მ ბრალი მას დაუსწრებლად განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით წარუდგინა. ამ ეტაპზე ექსტრადიციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება მეორე ძმის დასაკავებლად.
„არავინ არ იცის, რეალურად ამ სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი რა იყო, რატომ გაიმეტეს ეს ბიჭი ასე სასტიკად. ეზოში კლასელებთან ერთად იჯდა. ასე მოულოდნელად ორი ადამიანი ეზოში შემოვარდა და არც ჩხუბი, არც რაიმე სიტყვიერი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ, დანით დაჩეხეს. სანამ მეგობრები გონს მოეგნენ, ამას უკვე მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. ბიჭები როცა მისცვივდნენ და აზრზე მოვიდნენ, რა მოხდა, ჭრილობები მის 3 მეგობარსაც მიაყენეს. ეს ყველაფერი კომენდანტის საათის დროს მოხდა. იყო ერთი ამბავი, გარეთ გამოსულებს 4 ადამიანი სისხლში მწოლიარე დაგვხვდა. ეს თავდამსხმელები გაიქცნენ. რა არის მოტივი, თუ ჰქონდათ წარსულში რამე უთანხმოება, არავინ იცის.
„ჩხუბში 15-მდე პირი მონაწილეობდა. ამ ძმებსაც ჰყავდათ ხალხი მოყვანილი. ამბობენ, რომ ადრე ოჯახებს შორის მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა. ზუსტად მიზეზი არავინ არ იცის“, – ამბობს მოკლული ახალგაზრდის მეზობელი „რეზონანსთან“.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაიწყო. შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული.