„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ახლოვადიან სტრატეგიას შეიმუშავებენ.
„დღევანდელ შეხვედრაზე აზრთა გაცვლა და გაზიარება იქნება. ასევე, განვსაზღვრავთ ახლოვადიან სტრატეგიას. მოგეხსენებათ, არის სიახლეები, მათ შორის, ვხედავთ ხელისუფლების ჭირვეულობას. უცხოელებთან ლაპარაკობ ერთი ენით და მერე ეს უცხოელები აღარ არიან, ლაპარაკობ იგივე სიძულვილის ენით, 80 -იან წლებში ეს მუშაობდა, მაგრამ ახლა სწრაფი თარგმანი არსებობს. ეს სიყალბე მალე აღმოჩენადია. ღარიბაშვილს თუ ასეთი ლაპარაკით უნდა გააგრძელოს საქმე, თვითონ მოუწევს ბრიუსელში გამოსვლა და მისი პრესტიჟის საკითხია პირველ რიგში ჩავა იქ ხელცარიელი, თუ მივა რაღაცით. ფაქტია, რომ ორი კვირის თავზე თუ რაიმე პროგრესი არ იქნა, ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება”,- განაცხადა უგულავამ.