„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიაში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, კონსულტაციები და კენჭისყრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტილებას სხვა პარტიებთანაც შეათანხმებს.
„დიდი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა და კენჭისყრა გამოავლენს იმ პოზიციას, რომელსაც მივემხრობით დანარჩენები.
რამდენჯერაც უნდა დამისვათ კითხვა, მოვაწერ თუ არა იმ შეთანხმების დოკუმენტს ხელს, ახლა ვერ გიპასუხებთ. ეს დოკუმენტი ძალიან ნაკლოვანიც არის და ბევრი კითხვაც ისმის ყველას მხრიდან, მათ შორის ჩვენი მეგობარი კოლეგების მხრიდან, რომელთაც უკვე ხელი მოაწერეს. მე მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
მიკვირს, როცა ვინმეს აქვს განცდა, რომ შეიძლება ხვალ ან ზეგ მოვაწეროთ დოკუმენტს ხელი. ამას დასჭირდება მინიმუმ ერთი კვირა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც აუცილებლად შევუთანხმებ სხვა პარტიების ლიდერებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბრძოლის გასაგრძელდებლად, მნიშვნელოვანია ერთიანობა ადგილობრივ არჩევნებზეც შეინარჩუნოს.









