„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გამოქვეყნებულ „ფეისბუქ“ პოსტს.
„ზაზა ბიბილაშვილის ნათქვამი მიხეილ სააკაშვილს მოეწონებოდა, „ავაშენეთ ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა იყო ამ ქვეყანაშიო“. შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებაში 2004–2012 წლებში საერთოდ არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი კი თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი, რიგითი წევრი იყო და არავითარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა, დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში და შესაბამისი პოსტიც კი დაწერა. ახლა შესაძლებელია, რომ საერთოდ ბატონი ბეჟაშვილი და ქალბატონი წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.
„რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიებისგანო. უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს – ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!
თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!“,- აღნიშნა სააკაშვილმა.









