სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით – პოლიციამ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა.
საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.










