ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ”ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციაზე ძალადობაში ბრალდებული 6 სპორტსმენი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და 6-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო რვა საათზე მეტ ხანს მსჯელობდა.
თავად ბრალდებულებმა და მათ მიერ დაქირავებულმა კერძო უფლებადამცველებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთვნენ.
მათი თქმით ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ.
სასამართლო პროცესს თან ახლდა ხმაური და დაპირისპირება. ბრალდებულების მხარდასაჭერად აჭარიდან ნათესავები და ოჯახის ახლობლები ჩამოვიდნენ. მათ ჯერ ქუთაისს სამმართველოსთან გზა გადაკეტეს, სადაც პოლიციასა და მოქალაქეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, შემდეგ კი მსვლელობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ. როგორც ბრალდებულების ოჯახის წევრები აცხადებდნენ მათ არ სჯერად უსამართლო სასამართლოსი.
დაპირისპირება, რომლის გამოც სამართალდამცავებმა 6 პირი ბათუმში დააკავეს, 12 აპრილს გუმათში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადოვაში ედებათ.
დაზარალებულების განცხადებით, 30-მდე პირმა 3 პირი კასტეტებისა და ქვის ლოდების გამოყენებით სცემა. მათივე თქმით, ბრალდებულები “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურ მხარდამჭერებს წარმოადგენენ, გამოირჩევიან პატრიარქის, სარწმუნოების შეურაცხყოფით და აქციებზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ.
დაცვის მხარე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.










