კომპანია “ენკა”, რომელიც რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადს აშენებს, დღეს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან, ნებისმიერ დროს საქმიანი დისკუსიის ფორმატში შეხვდენენ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
“გვსურს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ხეობის, ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის აზრი. ვაცნობიერებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქმიანი დისკუსია ყველა დაინტერსებულ მხარესთან. მიგვაჩნია, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ნებისმიერი საქმიანი ფორმატი, დიალოგის ყველა შესაძლებლობა, რათა პასუხგაუცემელი არ დარჩეს არც ერთი პრობლემური კითხვა და ფაქტებსა თუ არგუმენტებზე დაყრდნობით დაგარწმუნოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი არის ქართული საქმე, რომელიც ემსახურება რიონის ხეობის მაცხოვრებლების და მთელი ქვეყნის კეთილდღეობას”, – ვკითხულობთ “ენკას” განცხადებაში.
ცნობისთვის, ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები დადგეს. მათ რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს. ხეობის მცველებმა ხელისუფლებას დღეს ულტიმატუმიც წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა ხვალ, 12 საათამდე მისცეს.
რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს კი დღეს ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნაც დაემატა, რომლებსაც ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი. გოლეთიანმა ნათია თურნავასა და გიორგი გახარიას გვარები დაასახელა.









