საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.
„ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. სააგენტოს ცნობით, ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მათ მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია.










