მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით, – ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებულმა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოში დემოკრატია დასრულებულია.
„საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ეს საზოგადოებას, მათ შორის მეც, გვაძლევს წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, რათა დემოკრატიული სახელმწიფო შენარჩუნდეს…. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”,- განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.
მან ასევე სამართალდამცავებს მიმართა და განმარტა, რომ ის აპრილ-მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, მაშინ ახალგაზრდები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, ახლა კი პიროტექნიკას იყენებდნენ.
„მსურს დაფიქრდეთ, საზოგადოება რატომ მივიდა აქამდე, რა ალტერნატივა დაუტოვა სახელმწიფომ?” – განაცხადა ცეცხლაძემ.
დაკავებულები – ზვიად ცეცხლაძე, ვასილ კაძელაშვილი, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და გიორგი გიორგაძე დუმილის უფლებით სარგებლობენ.










