ნიუ მექსიკოში, ქალაქ ალბუკერკეში პოპულარული ტელესერიალის „მძიმე დანაშაულის“ (Breaking Bad) მთავარ გმირებს – უოლტერ უაითსა და ჯესი პინკმანს ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ძეგლის გახსნის ცერემონიას უაითისა და პინკმანის როლების შემსრულებლები – ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი დაესწრნენ. ქანდაკებები ბრინჯაოსგან არის დამზადებული მათი ავტორი ტრევორ გროვია, ქალაქს კი ისინი შოუს ავტორმა ვინს ჯილიგნმა და კომპანია Sony-მ გადასცეს.
„მძიმე დანაშაულის“ მოვლენები სწორედ ალბუკერკეში ვითარდება. კრიმინალურმა დრამამ, რომელიც სიმსივნით დაავადებული ქიმიის მასწავლებლისა და მისი ყოფილი მოსწავლის ნარკობიზნესის შესახებ მოგვითხრობს, ალბუკერკეში ტურიზმს ბუმი გამოიწვია. რამდენიმე კომპანია მსურველებს სერიალის მიხედვით შედგენილ თემატურ ტურებსაც სთავაზობს. სერიალი AMC-ზე 2008-2013 წლებში გადიოდა.










