მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს დღეს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა მოაწერეს. „ურთიერთთანამშრომლობის მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. მემორანდუმის ფარგლებში მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. ღონისძიების შემდეგ რატი ბრეგაძე პრობაციის ოფიცრებს და პრობაციონერებს გაესაუბრა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.










