საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არც ერთ კომპანიას სემეკისათვის ტარიფების მატების მიზნით არ მოუმართავს.
„სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს – სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებგვერდზე, ასევე გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ.
კომისია განმარტავს, რომ არც ერთი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდოს.
წყარო: PIA.GE










