ქალაქ ქუთაისის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავების პროცედურის ფარგლებში, დასრულდა ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის მომზადების საპროექტო მომსახურების შესყიდვის მეორე ეტაპი.
დოკუმენტი მოიცავს – ქ. ქუთაისის განვითარების ხედვას, განვითარების სტრატეგიას და სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას. დოკუმენტის სრული ვერსია: http://bit.ly/37zenVK საჯარო განხილვაში მონაწილეობა, კომენტარების და შენიშვნების წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო მზად არის, გამოიყენოს, როგორც პირდაპირი, ასევე არსებული ონლაინ საკომუნიკაციო არხები.
„ქალაქის განვითარებისთვის თვისობრივად ახალი, სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც მოსახლეობას მივეცით, სწორედ, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავება იყო. თანამედროვე გამოწვევების პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისს ჰქონდეს განვითარების ხედვა და სტრატეგია, რათა კონკრეტული გეგმით, ნათლად დასახული მიზნებით და ამოცანებით მოხდეს ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარება. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება მოქალაქეების ჩართულობას. ქალაქის განვითარების გეგმა არის, ერთი მხრივ, დარგის ექსპერტების მიერ წარმოდგენილი ხედვები, ამასთან აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი იყოს სამოქალაქო კონსენსუსის შედეგი. ჩვენი ქალაქის მომავალი არის თითოეული ქუთაისელის მომავალი, შესაბამისად დოკუმენტის განხილვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მთავარი პრინციპი არის ღიაობა, საჯაროობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მზაობა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს დოკუმენტის განხილვის პროცესში, რათა შედეგად მივიღოთ ინკლუზიური, მოქალაქეთა საჭიროებებზე და ქალაქის განვითარების მიზნებზე ორიენტირებული ქმედითი გეგმა. მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ ჩაერთონ ქალაქის განვითარების გეგმის საჯარო განხილვებში. ერთად დავგეგმოთ ჩვენი ქალაქის მომავალი.“ ირაკლი შენგელია – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.










