საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილებების ქვეშაა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით. ასევე, გამოხატა პატივისცემა თავად ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ.
ამასთან, დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც ექსპრეზიდენტი დღეს ციხეში მოინახულა, აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
“მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ის, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსი ამ სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს.
ეს ერთი და მეორე – იმ მდგომარეობაში რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება ესეც არის უცნობი, როგორც თავად ექიმებმა გააკეთეს განმარტებები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ.
ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილი შეფასება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მე-18 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.










