მიუღებელია, დღეს როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიცები, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
ზურაბიშვილის შეფასებით, უმთავრესი გამოწვევაა მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია.
“ეს არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. 1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ – საქართველლოს დამოუკიდებლობის და სახლემწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით. ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.