დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა. დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, კარგი იქნება, თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება ეს შეხვედრები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩის რეზიდენციასთან განუცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერებსა და უმრავლესობას შორის შეხვედრა გაიმართა.
ინაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე მოისმინეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის პოზიცია, თუმცა როგორც მან განმარტა, დეტალებზე საუბარისგან თავს იკავებს.
„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა. ჩვენ მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის პოზიციაც. მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია და მუდმივად ვართ ჩვენ ხაზზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. თავისთავად, შეხვედრა რომ შედგა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ვნახოთ, ახლა როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არ არის კორექტული. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა ინაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.