სამხრეთ ბრაზილიაში ავტომაგისტრალზე მეწყრის ჩამოწოლას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაკარგულად ითვლება.
ტალახის ნიაღვარი ჩამოვიდა BR-376 გზატკეცილზე პარანას შტატში და დაფარა სულ მცირე 16 მანქანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ხელისუფლება ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ამბობენ, რომ უამინდობა და მიუვალი მდებარეობა სამძებრო სამუშაოებს ართულებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 30-დან 50-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა ექვსი გადარჩენილი იპოვა, მათ შორის ზღვისპირა ქალაქ გუარატუბას მერი რობერტო იუსტუსი.
არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა მეწყერი კვლავ ჩამოწვეს. ეროვნული ამინდის სერვისის INMET ინფორმაციით ბრაზილიის რამდენიმე შტატში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.









