საქართველოში მედია საფრთხეშია – ასე ფიქრობენ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მედიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 27 ივლისს, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ინიციატივით შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაში ჟურნალისტები, მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მთავარი მიზანი ჟურნალისტების და მედიის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების შემუშავება იყო.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, საქართველოში ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას საფრთხე ყოველდღიურად მატულობს.
,,ხელისუფლებისგან ველოდი ბოდიშის მოხდას, რომ ვერ შეძლეს ჟურნალისტების დაცვა“- განაცხადა ქეთი ქეთი ხუციშვილმა ტვ პირველის ეთერში.
შეხვედრაზე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორდინატორმა ნათია კაპანაძემ აღნიშნა, რომ
„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ჟურნალისტების, ოპერატორების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რასაც 5 და 6 ივლისს განსაკუთრებით დაემუქრა საფრთხე. აგრესია, რომელიც არის წახალისებული, უფრო და უფრო იზრდება. “
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის მარიამ გოგოსაშვილის თქმით,
„მთავარი საფრთხე არის ერთი მხრივ, ძალადობა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული და მეორე მხრივ, ხელისუფლების უმოქმედობა, როდესაც არ ხდება ძალადობრივი ფაქტების გამოძიება“.
5-6 ივლისის მოვლენების შეფასებისას სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი აღნიშნავს, რომ
,,ეს არ იყო წახალისება, ეს იყო თავდასხმა ქართულ მედიაზე, თავისუფალ მედიაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე და ჩვენს ევროპულ ორიენტაციაზე“.
„როცა ჟურნალისტს და ოპერატორს რაიმე დავალებაზე ვუშვებთ, მიტინგზე და აქციაზე კი არა, უბრალოდ რესპონდენტის ჩასაწერად, უკვე მაშინაც კი ვნერვიულობთ, რამდენად მშვიდობიანად დაუბრუნდებიან ისინი თავის ნიუსრუმს. სიტუაცია არის საგანგაშო“– აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის მოადგილე, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე.
მედია მოძალადეების პირისპირ მარტო არ უნდა რჩებოდეს. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ გამოსავალი საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება და მათი მხარდაჭერაა.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორს, მედიის ჩათვლით, ჰყავს ძალიან ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, აქვს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ყველაფერს მედიისა და ჟურნალისტების დასაცავად გამოიყენებენ.











