ჭადრაკში მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი, ანატოლი კარპოვი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს გამოეხმაურა.
ინტერვიუში მან მხარი დაუჭირა გაფრინდაშვილის სარჩელს და დაადასტურა, რომ სწორედ ის იყო „პირველი ვინც გაბედა მამაკაცებთან თამაში“.
„უბრალოდ, არ ვიცი, როგორ გამოეპარა ასეთი შეცდომა გარი კასპაროვს, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო. შესაძლოა, ბოლომდე არ უნახავს, ან ყველაფერს არ ეუბნებოდნენ, რადგან მან შესანიშნავად იცის, რომ გაფრინდაშვილი ისტორიაში პირველი დიდოსტატი იყო – როგორც ქალებში, ისე კაცებშიც. მამაკაცთა დიდოსტატის წოდების მიღება კი მხოლოდ კაცების ტურნირებზე თამაშით შეეძლო. ასე რომ, ამ მხრივ ის აბსოლუტურად მართალია. როცა ლაპარაკია კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟებზე, ინფორმაცია უფრო მკაფიო და კონკრეტული უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, უბრალოდ რომ ეთქვათ „საბჭოთა მოჭადრაკე“, მაშინ არაფერი იქნებოდა საკამათო, რუს მოჭადრაკედ გამოცხადება კი ეროვნული წარმოშობისადმი მიკუთვნებაა და სრულიად ცხადია, რომ ნონა გაფრინდაშვილი საქართველოში დაიბადა, ის ქართველია და ამაყობს ამით. რუს მოჭადრაკეს მას ვერანაირად უწოდებ და არც არასოდეს მოუხსენებიათ ასე. ამბობდნენ – „საბჭოთა კავშირის წარმომადგენელი“, „საბჭოთა მოჭადრაკე“. ან, უფრო ხშირად, „საქართველოს წარმომადგენელი“, „ქართველი მოჭადრაკე“, – აღნიშნა კარპოვმა.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში… აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.“