საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს პლენარულ სხდომაზე დესტრუქცია სცადეს, თუმცა „10-ჯერ მეტი პასუხი მიიღეს და ყოველთვის მიიღებენ“.
ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„კითხვის დასმა და პასუხის არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა. არცერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში აღარ იმყოფება. მათ სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს 10-ჯერ მეტი პასუხი, ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან“,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შიდა და გარე მტრები ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობენ.
„სამწუხაროდ, შიდა და გარე მტრები, მეხუთე კოლონა, ჩემმა მეგობარმა, ირაკლიმ [კობახიძე] თქვა, შულავერის კომიტეტიო და დიახაც – როდესაც ქვეყანა ომშია და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების 20%, ყველაზე ანტიევროპული, ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული ძალა, რომელმაც ეს ოკუპაცია ქვეყანას თავისი უგუნური პოლიტიკით მოუტანა, გამოდის და ბედავს არეულობის შემოტანას. სამარცხვინოდ შემოიპარა ყოფილი პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი, რომ რევოლუცია მოეხდინა. როდესაც არეულობას და დესტაბილიზაციას ახდენ ქვეყანაში, რომლის 20%-ში რუსული ჯარი დგას, ამ შენობიდან 40 კილომეტრში, არის თუ არა ეს ომის დაწყების პროვოცირება? რა თქმა უნდა, არის.
ამასთან, იყო მცდელობა, რომ საქართველო რაიმენაირად ჩართულიყო ამ დამანგრეველ ომში, უკრაინის ომში” ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.









