„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა.
„თუკი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისას, „დიპ-სტეიტის“ დავალებით, ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით „გასეირნებას“ სთავაზობდნენ, „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს. ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ-სტეიტის“ გეგმა, „არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
„სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში – რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ-სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










