ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა ვირუსის გადაცემისგან დაგვეცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ პანდემიის პირობებში, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით გადადგა.
“მეორე ეტაპი ვირუსის გავრცელების შენელების ეტაპი იყო. ვირუსის პირველი ფაქტი ქვეყანაში 26 მარტს დაფიქსირდა. ვირუსი ჩვენს მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შევძელით ფაქტი საზღვარზევე დაგვეფიქსირებინა. ამას მოჰყვა კიდევ ერთი მოქალაქის დაინფიცირება, ასევე ირანის გავლით და ეს იყო უკვე პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში გაჩნდა სერიოზული და რეალური რისკი შიდა გავრცელების. ამიტომ, შიდა გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ შემდგომი გადაწყვეტილებები: შეჩერდა სასწავლო პროცესი, ეს აბსოლუტურად დასაბუთებული იყო ჩვენთვის, მოგეხსენებათ, ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ევროპული ოჯახის სოციალური სტრუქტურისგან განსხვავდება. ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობები ერთად ცხოვრობენ, ამიტომ, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა ვირუსის გადაცემისგან დაგვეცვა“, -განაცხადა პრემიერმა.
მისი განმარტებით, პირველადი მომხმარების სასურსათო პროდუქტებზე ბაზრებზე ფასთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნა.
„4 მარტს, შეიქმნა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური კონტროლის ობიექტები და განთავსდა სპეციალური კარვები, სადაც როგორც შსს-ის, ასევე საბაჟო სამსახურის ძალები იმყოფებოდნენ, სადაც არა მხოლოდ თერმოსკრინინგით, არამედ ტესტირების საშუალებით აკონტროლებდნენ რისკის შემცველ მოქალაქეებს, რომელსაც გამშვებ პუნქტებზე აფიქსირებდნენ.
უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, როდესაც 5 მარტს მიიღო გადაწყვეტილება პენიტენციალური სისტემისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები დაეწესებინა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 780 ადამიანის, მომსახურე პერსონალის ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა იმისთვის, რომ სრულად დაგვეცვა სისტემა ვირუსის შეჭრისგან. მოგეხსენებათ, რომ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ამ სისტემაში ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია. 12 მარტიდან დისტანციურ შრომაზე გადავიდა საჯარო სექტორი სრულად. 13 მარტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც ფასების მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კურსთა შორის სხვაობისა და სპეკულაციური ფასების გამო, აშკარად გამოჩნდა ბაზრებზე ფასების მერყეობა პირველადი მომხმარების სასურსათო პროდუქტებზე. ამის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილებები, როგორც კურსთა შორის სხვაობის რისკის დაზღვევის, რომლებიც შესაბამისმა სამინისტროებმა განახორციელეს. ზუსტად 15 მარტს დაიკეტა სამთო-სათხილამურო კურორტები. მოგეხსენებათ, რომ სეზონი იყო და შიდა გავრცელების მაღალი რისკი არსებობდა. ამიტომ, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ამავე პერიოდში, მარტის შუა რიცხვებში შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge. ეს იყო უსწრაფესად მიღებული გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი ვირუსთან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.










