კრემლის პროპაგანდისტებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უამრავი ვებგვერდი და პორტალი შექმნეს, სადაც უკრაინაში მებრძოლთა და უკრაინის აქტიური მხარდაჭერით ცნობილი პირები პერიოდულად შეჰყავთ. იგივე ხდება ტელეგრამ-არხებზე.
მაგალითად, საინფორმაციო პორტალ “ვოლონტერში” შეყვანილია 136 ქართველი მებრძოლი, რომელთა შესახებ ინფორმაცია მისაწვდომია “უცხოელების” მოდულზე გადასვლითა და ქვეყნების ჩამონათვალში “საქართველოს” მონიშვნით.
უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან ერთად, კრემლის შავ სიაში შეტანილია ჩვენი კოლეგა ლაშა ბერულავაც, რომელიც უკრაინის თემაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, ამავე დროს, ტელერადიოკომპანია “ოდიშის” ტელეგრამ-არხსა და ვებგვერდს ხელმძღვანელობს, ასევე ცნობილი ტელეგრამ-არხის “ალფა სიხშირის” ადმინია.
ლაშა ბერულავა შეტანილია როგორც “ვოლონტერის”, ასევე “ნემეზიდას” სიაში. ეს ორი პორტალი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუს შოვინისტებში, ხოლო “ნემეზიდას”ტელეგრამ-არხზე, ლაშა ბერულავას შესახებ შესახებ ვრცელი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული და წერს, რომ “ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელებსა და თავის ექაუნთებს ქართველებსა და რუსებს შორის ეროვნმებათაშორისი შუღლის ჩამოსაგდებად იყენებს”, ასევე მითითებულია, რომ ის ქართველი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული მიტინგების აქტიური მონაწილეა და უკრაინაში იმყოფებოდა 2022 წლის თებერვალში.
პორტალ “ვოლონტერზე” მოცემულია მისი დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი, მითითებულია ბმულები, რომლებიც გადადის მისი ოჯახის წევრების, მათ შორის, ოთხიო შვილის პროფილებზე სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
“თაიმერი” კომენტარისთვის ლაშა ბერულავას დაუკავშირდა:
“სასაცილოდ არ მყოფნის – წერონ და იყვნენ. დამკავშირებოდნენ ბარემ, თუ სიაში შეტანას მიპირებდნენ და იმასაც ვეტყოდი, რომ სანამ ჟურნალისტი გავხდებოდი, აფხაზეთის ომშიც ვიბრძოდი. ვინც შეუშინებიათ, ის შეაშინონ, ამ “შავ სიებს” ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ჩემს პოზიციაზე და ვერც მუშაობის გაგრძელების ხალისს დამიკარგავს, უფრო პირიქით”, – უთხრა “თაიმერს” ლაშა ბერულავამ.












