შოვის სტიქიას თავი აარიდეს იტალიელებმა. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს ტურისტებს გზაზე ჩამოსული მიწა არ მოეწონათ და შოვისკენ აღარ გადაუხვიოს.
,,ეს ამბავი ერთ-ერთ პოსტზე ამ წამს დამიწერეს.. უცვლელად მომაქვს.
ერთი ფეხით გამოვასწარით ამ ტრაგედიას, სულ შემთხვევით. ვიყავით გონაში, ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა ნახეს იქ მიმდინარე სამუშაოები კაშხალის და აღნიშნეს, იმედია, იციან, რას აკეთებენ, ასეთ ზონაში ამხელა მიწების მოჭრა საშიშიაო. იქვე ვნახეთ რამხელა ხე-ტყის “ბიზნესი” გუგუნებდა და ღებში დავბინავდით. ღამით საშინელი სეტყვა, ქარი და წვიმა იყო, ჩაქრა შუქი, დაწყდა წყალი… დილით დიასახლისმა თქვა, სათავე გადაინგრეოდა, როგორც ყოველთვის და ალბათ, ახლა აკეთებენო. თან დასძინა, ადრე, როცა კაცები ომში იყვნენ, სათავე ქალებმა და ბავშვებმა ააშენეს, ის ისევ დგას და ამ ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ისე ვერ გამართა, რომ ყველა ასეთ ამინდზე უშუქოდ არ დავრჩეთო.
ზუსტად მაგ დილით დავტოვეთ ღები და გზად მაპში ჩავწერე შოვი, უნდა გადაგვეხვია. გზაში შევამჩნიეთ, რომ ასფალტი სავსე იყო მიწით და ამავე იტალიელმა მეგობრებმა უცებ გადაიფიქრეს – ჯობს, არ შევიდეთ, არ არის სახარბიელო დიდხანს აქ ყოფნა, მიწა იშლებაო! არ შევედით, თორემ ვეღარც გამოვიდოდით!
ხალხოოო, იტალიელი სტუმრები, საერთოდ არაგეოლოგები, არაპროფესიონალები, უცხოები მიხვდნენ, რომ საშიში იყო და რაღაც საეჭვოდ ბევრი მიწა იდო გზებზე, სად იყო მუნიციპალიტეტი?! სად იყო საერთოდ ის ხალხი, ვინც იქ ამხელა გათხრებს და სამუშაოებს აწარმოებს?! – წერს თეონა ჯიქია სოციალურ ქსელში.
შოვში სტიქია 3 აგვისტოს განვითარდა. ღვარცოფმა 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან დაკარგულ 20-მდე ადამიანს.
სტიქიის ზონაში სამაშველო- სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.










