იტალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. პლაჟზე მყოფი 17 წლის ბიჭი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის მიერვე ამოთხრილი ორმო თავზე ჩამოეშალა და მოზარდი მოიყოლა.
ბიჭი მიწის ქვეშ გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ხმა ვერავინ გაიგო.
„მან გვირაბი გათხარა. სურდა ერთი მხრიდან შესვლა და მეორე მხრიდან გამოსვლა, თუმცა როდესაც მასში გადიოდა, ყველაფერი ჩამოინგრა და ორმო მთლიანად ამოივსო. შეუძლებელი იყო რამის შემჩნევა,“ – თქვა ინციდენტის დროს ახლოს მყოფმა მოცურავემ.
კიდევ ერთმა ადგილობრივმა დასძინა, რომ ყვირილი ან ხმაური არ ისმოდა, რადგან ბიჭი „რამდენიმე წამში“ გაიგუდა.
“ქვიშა გიხურდება წარმოუდგენლად მძიმეა. ჟანგბადს არ ატარებს და იქიდან ხალხის გამოყვანა ადვილი არ არის, რადგან იშლება. ადამიანები წუთებში იხრჩობიან,“ – თქვა თვითმხილველმა.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა მონტალტო დი კასტროს სანაპიროზე მომხდარის შესახებ შეტყობინება გუშინ მიიღო.
მოზარდი, სახელად რიკარდო რომში ოჯახთან ერთად ისვენებდა, როდესაც მეტრი-ნახევრის სიღრმის ორმო ამოთხარა. თავდაპირველად ის თავის ორ უმცროს, 3 და 8 წლის და-ძმასთანებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებმაც თამაში არ ისურვეს.
მოზარდის ძებნა დაახლოებით დღის 3 საათზე დაიწყო, როდესაც ოჯახმა აღმოაჩინა, რომ ის დაკარგული იყო. ბიჭის ქვიშიდან ამოსაყვანად პოლიცია და საჰაერო სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიძახეს, მაგრამ პარამედიკოსების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ის ადგილზე გარდაიცვალა.