მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ არ იციან, ეს გატაცებაა, რითაც მოშიმშილე პირს დამატებით სტრესს აყენებენ.
ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაყვანას ადვოკატი არაადამიანურ მოპყრობად აფასებს:
„ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქცევა. დღეს მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, არავითარი ინფორმაცია არ არსებობდა, რომ დღეს მოხდებოდა გადაყვანა. ის, რომ გადაყვანა უნდა მომხდარიყო მრავალპროფილურ კლინიკაში, აუცილებლობაა, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო ასეთი ფორმით. მით უმეტეს, არც კი ვიცით, სად არის გადაყვანილი. ეს არის გატაცება, ფაქტობრივად, ეს არის დამატებით უდიდესი სტრესი იმ ადამიანისთვის, რომელიც შიმშილობს.
ეს არის არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ, ასევე, მისი ოჯახის წევრების მიმართ, დედა და შვილები უნდა შეხვედროდნენ დღეს. ამ დროს ადამიანი გააქრეს. ეს რაში ჯდება, ეს არის ხელისუფლების პანიკური შიშის გამოხატულება დღევანდელი დიდი აქციის, სააკაშვილის პერსონის მიმართ“, – ამბობს ბექა ბასილაია „მთავარ არხთან“.










